ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოსა და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ერთობლივი პროექტების განხორციელებით, მხარეები უზრუნველყოფენ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებას და აღნიშნული სტრუქტურების შესახებ ცნობადობის გაზრდას.
ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის ბენეფიციარმა ახალგაზრდებმა – აგვისტოს ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა შვილებმა, ტექნოპარკი დაათვალიერეს. ისინი გაეცნენ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მაღალტექნოლოგიურ დაზგა-დანადგარებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა გამოადგეთ საკუთარი სტარტაპების ჩამოყალიბებასა და განვითარებისთვის. ასევე, კომპანია „ტაქსიფაი“-ს დაფინანსებით და ინოვაციების სააგენტოსა და საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობით იგეგმება აღნიშნული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტრენინგები და კონსულტაციები.
ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საინფორმაციო ცენტრი ჩაატარებს არაერთ ღონისძიებას: სემინარებს, გამოფენებსა თუ კონფერენციებს, რომელთა წარმატებით განხორციელებაში მათ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დაეხმარება.
მნიშვნელოვანია, მოსახლეობა უკეთ გაეცნოს აღნიშნულ საკითხებში, რათა გაცნობიერებულად დაუჭირონ მხარი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
აღსანიშნავია, რომ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრი ერთვება ასევე, ინოვაციების სააგენტოს პროექტში – „სტარტაპ მეგობრული“, რომლის ფარგლებშიც ის შესთავაზებს სტარტაპებს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა სივრცის დათმობა და საკონსულტაციო მომსახურება.