უმცირესობის მიერ მომზადებულ სავჩენკოს მხარდამჭერ რეზოლუციას კვაჭანტირაძე არ უერთდება

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე უმცირესობის მიერ მომზადებულ ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე მიერთებას არ აპირებს. მიზეზად კი რეზოლუციის ავტორებს ასახელებს. კვაჭანტირაძის თქმით ის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების თემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სოლიდარულია, თუმცა უმცირესობის მიერ შექმნილ დოკუმენტზე მიერთება მისთვის, ენმ-ს პოლიტიკურ რეაბილიტაციას ნიშნავს.

“დიდი სურვილი უმცირესობის მიერ შექმნილ დოკუმენტს შევუერთდე არ მაქვს და მე მგონი ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. ჩვენ ჩვენს პოზიციას დამოუკიდებლად გამოვხატავთ ამ თემაზე. ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. უმცირესობის მიერ შექმნილ დოკუმენტზე მიერთება ჩემთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ამით მათ რაღაცნაირად პოლიტიკურ რეაბილიტაციას ვუკეთებთ, ამის დიდი სურვილი ნამდვილად არ გამაჩნია,” – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. მისი კრიტიკის ობიექტი თბილისში გამართული ცოცხალი ჯაჭვის აქციაც გახდა, უმრავლესობის ლიდერის თქმით აღნიშნული ჯაჭვი საზღვარგარეთ როგორც სავჩენკოს მზარდამჭერი, ხოლო ქვეყნის შიგნით გაზპრომის საწინააღმდეგო აქციად გასაღდა.

“იმ დღეს გაკეთებული ჯაჭვი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ უკრაინაში გაყიდა, როგორც ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია და საქართველოს შიდა ბაზარზე მოხმარებისთვის გაყიდეს, როგორც აქცია არა გაზპრომს, ეს იყო დაცინვა იგივე ნადია სავჩენკოსი,” – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

Visited 120 times, 1 visit(s) today