ურთულესი საერთაშორისო გარემოს მიუხედავად, საქართველო წარმატებით ახერხებს საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებთან გამკლავებას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინა. მინისტრმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში გააცნო დეპუტატებს. ილია დარჩიაშვილის თქმით, წელს ქართულ დიპლომატიას განსაკუთრებულ ვითარებაში უწევდა მუშაობა.

„ურთულესი საერთაშორისო გარემოს მიუხედავად, საქართველო წარმატებით ახერხებს საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებთან გამკლავებას, დგამს ქმედით ნაბიჯებს მკაფიოდ და მიზანმიმართულად აგრძელებს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებას, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის ისტორიულ და ცივილიზაციურ არჩევანს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე, რომელიც მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

„რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირობებში განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც ქმნის დამატებით გამოწვევებს. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის. ხდებოდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველსაყოფად. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით საკითხებს ვაყენებდით ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და მუდმივად ხდებოდა ჩვენი პარტნიორების ინფორმირება ამის შესახებ. სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა, რაც აისახება პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე მნიშვნელოვანი იყო 56-ე რაუნდის გამართვა თანათავმჯდომარეებსა და მათ ორგანიზაციებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო) ასევე აშშ-სთან ქართული მხარის მჭიდრო თანამშრომლობით.

„ჩვენი მიზანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევა და პროცესის გაძლიერება, რაც შექმნის საფუძველს 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველყოფისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პროცესის დაწყებისთვის. აღნიშნული გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან და ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას. გავაგრძელებთ თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან, ასევე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობის პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად მიღებული სიკეთეების, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანებისთვის გაზიარების და მათთან დიალოგის და მათი ჩართულობის განხორციელებით შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა აქტიური დინამიკით იყო გამორჩეული – გაიცვალა არაერთი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტი, პოლიტიკური კონსულტაციები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ავსტრია, ბელგია, ირლანდია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ჩეხეთი, უკრაინა, რაც, მინისტრის შეფასებით, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მინისტრის თქმით, ევროკომისიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების თაობაზე ფორმალურად გაუხსნა კარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები.

„საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის პროგრესი 2023 წლიდან შეფასებული იქნება გაწევრიანების ე.წ. „კოპენჰაგენის“ კრიტერიუმების მიხედვით, ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ორი ქვეყნის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ანალოგიურად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით, საქართველომ წარმოადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რითაც ცალსახად დადასტურდა ურყევი ნება, რომ საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს ემსახურება.

„მადლობას მოვახსენებ მმართველ პარტიას ინკლუზიური, ღია და გამჭვირვალე პროცესის წამოწყებისთვის. იმისათვის, რომ როგორც პარლამენტარების, ისე სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაციები და ძალიან მალე ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან აქტიურ თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ საკვანძო და სანდო მოკავშირედ რეგიონში. მისი თქმით, მომავალ წელს აქტიური ძალისხმევა იქნება მიმართული ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის კუთხით ახალი შესაძლებლობების მოძიებისთვისაც. მისი თქმით, საქართველოს მიზანია მიაღწიოს მაქსიმალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში ევროკავშირის ე.წ. „ოთხი თავისუფლების” სარგებლობის მიზნით.

„საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების ხელშეწყობა, რა მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ. ასევე, როგორც პრემიერის მიერ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს გაჟღერდა, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მოხსენების შემდეგ, მინისტრმა პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა. რის შემდგომ, რეგლამენტის თანახმად, სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგლამენტით განსაზღვრული დრო სიტყვით გამოსვლებისთვის გამოიყენეს.

„მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

Visited 27 times, 1 visit(s) today