ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით,ძირითადი აქცენტი გამახვილდება ეკონომიკური დანაშაულის პრევენციაზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამსახურის მიერ გამოძიებული საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის სტატისტიკას გაეცნო და სხვადასხვა მიმართულების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მიზნად ისახავს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას, ამავე დროს, ადმინისტრირების სისტემა მიმართულია კერძო სექტორში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებისა და გადამხდელზე ორიენტირებული მომსახურების სისტემის გაძლიერებისკენ.

„აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ჩვენი მიდგომაა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით, დანაშაულის გამოძიებასთან ერთად, აქცენტი გაკეთდეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენციაზე და ამ პროცესში ევროპული მიდგომების დანერგვაზე. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ არსებული მონაცემების სწორი ანალიზის საფუძველზე, შემუშავდეს და დაიგეგმოს პრევენციული მექანიზმები როგორც პროდუქციის ფალსიფიცირების, ისე კონტრაბანდის აღკვეთის მიმართულებით,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას და უწყების მიმართ ნდობის ამაღლებას.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ფინანსთა მინისტრს გააცნო უწყებაში ბოლო პერიოდის განმავლობაში საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასთან დაკავშირებული რეფორმები.

Visited 161 times, 1 visit(s) today