ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე დეპუტატებმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი არ დაუჭირეს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. ფრაქციის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის სიტყვით გაიხსნა, რომელმაც განსახილველი საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ არასდროს დაგვიხევია უკან მთავრობის წევრებისთვის, პრემიერმინისტრობის კანდიდატებისთვის ღიად გვეთქვა რას ვფიქრობთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე, რას ვფიქრობთ საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებებზე. ბევრ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია ჩვენი პოზიციები, თუმცა არის საკითხები, სადაც ვართ თანამოაზრეები“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

სხდომაზე პრემიერმინისტრობის და მთავრობის წევრობის კანდიდატებმა ფრაქციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და არსებული პრობლემების დაძლევის მიმართულებებს, ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრის, განათლების, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, 20-21 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების საკითხებს შეეხებოდა. ფრაქციის სხდომის დასასრულს, ირმა ინაშვილმა დღევანდელი შეხვედრა შეაჯამა და იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ არ უჭერს მხარს მისი პოლიტიკური გუნდი წარმოდგენილ სამთავრობო ცვლილებებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობას ხალხის ხმა და მათი განწყობა არ ესმის, რაც ქვეყანაში მძიმე მდგომარეობას ქმნის.

Visited 97 times, 1 visit(s) today