ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების განვითარების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც 2018 წლის შედეგებსა და 2019 წლის პერსპექტივებზე მსჯელობენ. შეხვედრის მიზანია, ფსიქიკური ჯანმრთელობის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის სერვისების, პრიორიტეტებისა და საჭიროებების შეფასება. დარგის სპეციალისტები ექსპერტებთან ერთად ფსიქიკური სათემო სერვისებისა და ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ისაუბრებენ.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა დაესწრო. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ უკვე გაგზავნილია ახალი სტანდარტები, რომელზეც მსჯელობა იწყება. მისივე თქმით, 2019 წლიდან სწორედ ამ სიახლის მიხედვით გაიცემა რეკომენდაციები ფსიქიკური დაწესებულების მიმართ.
მაია ლაგვილავამ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
„რაც შეეხება გამოწვევებს, ფსიქიკური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზაცია, რაც სათემო სერვისების განვითარებას გულისხმობს. ამ მიმართულებით სახელმწიფომ 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა წინსვლას კვლავ ვგეგმავთ“, –განაცხადა მაია ლაგვილავამ.