ქართველი მგზავრების თურქეთიდან გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ რეისი დანიშნა

თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა:
„მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ქვეყნის შიგნით ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული და მუშაობს გამართულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მეც მინდა დავადასტურო, რომ საზღვარზე, ამ წუთში, ჩვენი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა პირიქით გახსნილია. ჩვენ გვქონდა მოსაგვარებელი საკითხები რამდენიმე მიმართულებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერი კეთდება“ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები და მათ გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ მიიღო გადაწყვეტილება დღეს, 16.20 საათზე დანიშნოს ფრენა და ჩამოიყვანოს ჩვენი მოქალაქეები.
„ამავე დროს, იქ არის ორი პატარა ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობაზეც ახლაც ვზრუნავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თავად აეროპორტში, აეროპორტის თანამშრომლებსაც არ აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისთვის“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის მოხდება თურქეთთან საზღვრის გახსნა, ვიცე-პრემიერმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია ოპერატიულ მუშაობასა და იმ მონაცემებზე, რასაც თურქეთიდან მივიღებთ. „როგორც კი საბოლოოდ მოხდება დადასტურება, რომ თურქეთის შიგნით გადაადგილება იქნება აბსოლუტურად დაზღვეული ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არ შეექმნებათ საფრთხე, რა თქმა უნდა, გავხსნით საზღვარს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაგებით მოეკიდონ ყველაფერს. ეს არის პირველ რიგში, ზრუნვა მათთვის, მათი უსაფრთხოებისთვის და ამიტომ არის მიღებული ეს ზომები“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე განმარტება გააკეთა თურქეთში დარჩენილი ანსამბლების – ”ქართული გენისა” და ”გორდას” მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, თურქეთის მხარესთან, პრაქტიკულად, ყველა დონეზეა კონტაქტი და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. „რა ინფორმაციას მე ამ წუთში გამაჩნია, თურქეთში მყოფ ქართულ ანსამბლებთან ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენს საკონსულოს. სწორედ საკონსულოს წარმომადგენლები დახვდებიან მათ ქალაქის შესასვლელში და გააკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ანსამბლების წევრები უსაფრთხოდ დაბინავდნენ სტამბოლში სამშობლოში გამომგზავრებამდე“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა

Visited 138 times, 1 visit(s) today