ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ინტენსიურად იწმინდებოდა ცენტრალური სასოფლო გზები.
სტიქიის შედეგად ჩაიხერგა შიდა სასოფლო გზები მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და ხალაში. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს, 2 ოჯახი გასახლებულია. მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო წყავროკა-ცეცხლაურის დამაკავშირებელი ხიდი. წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ციხისძირის, ბუკნარის, ხუცუბნისა და ლეღვას მოსახლეობას.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდანვე განახლდა. სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები პრობლემურ უბნებზეა გასული. დამეწყრილი შიდა სასოფლო გზების გასაწმენდად 17 ერთეული ტექნიკა იმუშავებს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.