ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 7 თვის მონაცემები გამოქვეყნდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 84,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 52%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
„შვიდი თვის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მოიმატა, 52%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი, სწორი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 80% (4 462 631), რუსეთი – 86% (23 740 750), უკრაინა – 41%(3 653 334), პოლონეთი – 20% (1 427 458), ლატვია – 27% (830 852), ბელარუსი – 42% (814 022), აშშ – 89% (236 012), გერმანია – 34% (234 000), ისრაელი – 202% (127 334), საფრანგეთი – 450% (95 530), აზერბაიჯანი – 170% (102 342) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.
ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს „ქინძმარაული“ – 6 593 437 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 028 493, „წინანდალი“ – 1 468 126, „ახაშენი“ – 751 261, „ხვანჭკარა“ – 389 360, „ტვიში“ – 157 064, „ნაფარეული“ – 111 612 და ა.შ.
ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 212 243 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 18,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 102 402 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 106% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 283 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 143,15 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 55% შეადგინა.

Visited 211 times, 1 visit(s) today