ყაზბეგის მუნიციპალიტეტს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა. სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად, დაბას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს, რთული რელიეფისა და სათავე ნაგებობასთან რთულად მისადგომი ადგილების გამო, მძიმე პირობებში მოუხდათ მუშაობა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად გაწეული ძალისხმევის ფარგლებში მოხერხდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების დასრულება წყლის მაგისტრალურ მილსადენზე. მოწესრიგდა არსებული ინფრასტრუქტურა.
წყალმომარაგების აღდგენამდე, სამი დღის განმავლობაში, კომპანია წყალმზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა. ამასთან, წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ტურისტული ობიექტები მარაგდებოდა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გაწეული სამუშაოებისთვის.

Visited 171 times, 1 visit(s) today