საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მაჰინდა იაპა აბეივარდენას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წელს შესრულდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25-ე წლისთავი, რაც კარგი შესაძლებლობაა ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე, საქართველოსა და შრი-ლანკაში მიმდინარე ორმხრივად საინტერესო საკითხებზე, პარტნიორობაზე განათლების, ეკონომიკის და სხვა სფეროებში.
შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შესახებ და ხაზი გაუსვა შრი-ლანკის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.