შეიარაღებული ძალების რაოდენობით ვერავის გავაკვირვებთ, ამიტომ მთავარი უნდა იყოს მაღალი საბრძოლო მომზადება

ჩვენი შეიარაღებული ძალების რაოდენობით ვერავის გავაკვირვებთ, მაგრამ მთავარი მახასიათებელი უნდა იყოს ძალიან მაღალი საბრძოლო მომზადება, მისი მობილურობა და შესაძლებლობა, რომ თავდაცვითი ოპერაციები აწარმოონ წარმატებულად, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” განაცხადა, სადაც მინისტრი ექსპერტებს შეხვდა და რეზერვის კონეფციის განხილვა გაიმართა.
“გამომდინარე იმ ამოცანებიდან, რომლებიც ქვეყნის წინაშე არის, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ საქართველოს შეირაღებული ძალები უნდა იყოს მობილური და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ ვერავის გავაკვირვებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების რაოდენობით, მთავარი პრიორიტეტი თუ მახასიათებელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უნდა იყოს ძალიან მაღალი საბრძოლო მომზადება, მისი მობილურობა და შესაძლებლობა, რომ თავდაცვითი ოპერაციები აწარმოონ წარმატებულად. ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის პატარა ქვეყნებში რეზერვის არსებობა. ჩვენ ინიცირება ამ პროცესის მოვახდინეთ რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ბევრნაირი გამოცდილება აქვს საქართველოს და სამწუხაროდ, მაინცდამაინც წარმატებული არც ერთი არ აღმოჩნდა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ წარუმატებლობაში არის წარმატების ელემენტები და პირიქით.

“ჩვენი ამოცანა იყო თავი მოგვეყარა ამ გამოცდილებისთვის. თავდაცვის სამინისტრომ თავად შეიმუშავა წინადადებების პაკეტი, თუ როგორი უნდა იყოს რეზერვი და ერთგვარად ამ პროცესში ჩვენ ჩამოვყალიბდით, რომ რაიმე ერთი ტიპის რეზერვი საქართველოსთვის არ იქნებოდა სწორი. რეზერვი უნდა იყოს დივერსიფიცირებული, ვსაუბრობთ სამ ძირითად მიმართულებაზე, რომ ერთი მხრივ, ქვეყანაში განვითარდეს არმიის რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალური რეზერვი”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ზაფხულში კონცეფციას ნატო-ს რეზერვის ექსპერტებთან ერთად განიხილავენ, სექტემბერში ის საბოლოო სახეს მიიღებს და განხორციელებაც დაიწყება.

Visited 166 times, 1 visit(s) today