შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში გამართა. შეხვედრაზე რეგიონებში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის მეორე ეტაპი განიხილეს. შეხვედრის მთავარ მიზანს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინება წარმოადგენდა.
სტრატეგია გულისხმობს 2025 წლამდე დეცენტრალიზაციის პროცესების ჩამოყალიბებას და მოიცავს თვითმმართველობისთვის როგორც ახალი უფლებამოსილებების, ისე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა თანამონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტის განხილვაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვას რეგიონებში საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

Visited 63 times, 1 visit(s) today