შსს-ს დანაყოფებს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“. პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს, თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთავარ სამმართველოს, შსს-ს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, ასევე, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს ესტუმრნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოზარდებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა განრიგი გააცნეს და საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოსწავლეები ახალწვეულთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკული წვრთნების პროცესს დაესწრნენ. სტუმრებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო. მეხანძრე-მაშველებმა კი მოზარდებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის და ისტორიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა, ასევე, სახანძრო მუზეუმი დაათვალიერებინეს და უსაფრთხოების შესახებ საჭირო რჩევები მისცეს. შსს პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

Visited 177 times, 1 visit(s) today