ჩვენი დიდი ინტერესია, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ეხება, იყოს გახსნილი და გამჭვირვალე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენი დიდი ინტერესია, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ეხება, იყოს გახსნილი და გამჭვირვალე. დიდი მადლობა ყველას თქვენი დაინტერესებისთვის ამ საკითხისადმი, თქვენი წვლილისთვის, თქვენი შენიშვნებისთვის და პოზიციების გაზიარებისთვის“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის წევრების სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

შეხვედრაზე, რომლის თემა იყო – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ თავდაპირველად დააინიცირა, კარგად გადამუშავდა და ძალიან დაიხვეწა.

„რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელზეც სასურველია შევთანხმდეთ და შევთანხმებულიყავით, თუმცა, ვფიქრობ, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე, გახსნილი და სწორედ ამ პროცესის მთავარი დანიშნულება, ასევე იყო ის, რომ ყველა პროცედურას, რასაც ჩვენ გავწერდით იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის და საქართველოს პარლამენტისთვის, უზრუნველყოფა მოეხდინა საზოგადოების ჩართულობის და საზოგადოებას ჰქონოდა მონიტორინგის საშუალება ამ პროცესზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც საზოგადოებამ იცის რა პროცედურით, როგორი თანმიმდევრობით მიმდინარეობს პროცესი – დაწყებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გაგრძელებული საქართველოს პარლამენტში, ის რაც ჩვენ ვერ ვიხილეთ თავის დროზე მარტივი მიზეზის გამო – არ იყო არანაირი პროცედურა გაწერილი და ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის პროექტი არის ძალიან კარგი პროექტი, უპრეცედენტოდ გამჭირვალე პროექტი და ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი მოდელი, როგორი მოდელის შემუშავებაც მოხდა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის გადაწყვეტილება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვენეციის კომისიის ჩართულობა მთელ ამ პროცესში, ოთხი თვის განმავლობაში თქვენი ჩართულობა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. ის მრავალეტაპიანი პროცედურა, რომელიც ჩვენ გავწერეთ, ვფიქრობ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ საქართველოს პარლამენტმა მაქსიმალურად ღირსეული კანდიდატები შეარჩიოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, არის წმინდა პოლიტიკური საკითხები, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, თუმცა უშუალოდ პროცესი, ძალიან კარგად წარიმართა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გულდასაწყვეტია ისეთი შეფასებები, სადაც საუბარია პროცესის ფორსირებულად წარმართვაზე და გარკვეული საკითხების ვერ მოსწრებაზე, რადგან ყველა ნაბიჯის გადადგმის დროს, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყო.

„ამ შეხვედრებზეც უზრუნველყოფილი იყო, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოგვესმინა ერთმანეთისთვის და ბევრი რამ გავითვალისწინეთ. ასევე, შემდგომ, კომიტეტებზე თქვენი პოზიციები, რაც იყო გაჟღერებული, ეს საკითხები გარკვეულწილად დაემთხვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც და ესეც გავითვალისწინეთ“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ორ უმთავრესს და ძირითად რეკომენდაციას – მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდას და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრას, მმართველი გუნდი დაეთანხმა.

„გვაქვს მრავალეტაპიანი პროცედურა – იწყება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადების შეტანით და ნებისმიერ კვალიფიციურ იურისტს აქვს უფლება შეიტანოს განაცხადი. ბარიერი, რაზეც იყო საუბარი, რომ ხომ არ ვქმნით ბარიერს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაწერით – მოვხსენით სრულად. ეს იყო პოლიტიკური კომპრომისი გუნდის მხრიდან და მე გავიზიარე გუნდის პოზიცია, რომ არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშნები.
რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს – თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თეორიულად იქნება მოსამართლეობის კანდიდატი, მას არ ექნება არც შეკითხვის დასმის უფლება, არც შეფასების უფლება, ვერც თავის თავს ვერ მისცემს ხმას და ვერც სხვა კანდიდატს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტებმა აირჩიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გარკეეული რაოდენობა და ამ მოწვევის პარლამენტმა არ დააკომპლექტოს სრულად არსებული ვაკანსიები, პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. მისივე თქმით, ასევე არ იქნა გათვალისწინებული რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა დასაბუთების საკითხს და ღიაობის საკითხს.

„ჩვენ ფარულობა მიგვაჩნია ყველაზე მყარ გარანტად იმისთვის, რომ, როდესაც მე დავრჩები ჩემს თავთან და სიასთან, მივიღო გადაწყვეტილება ყოველგვარი კოლეგიალური, ყოველგვარი ზემოქმედების, თუ ზეგავლენის და რაღაც ანგარიშის გაწევის გარეშე. ეს არის აპრობირებული მეთოდი, ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში და ამის ნათელი მაგალითია ფარული კენჭისყრა არჩევნებზე. ეს არის ჩვენი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით და ის, რომ გასაჩივრების მექანიზმი ჩაიდოს, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან, ვინაიდან კონსტიტუციური პროცედურის გასაჩივრება, ამ ჩანაწერებით ჩვენ რაც გაგვაჩნია კონსტიტუციაში, არ ხდება“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ, თუკი ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ დაიწყება, სასამართლო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება. მისივე თქმით, უზენაეს სასამართლოში, ახლო მომავალში, მხოლოდ 7 მოსამართლე იქნება და დაახლოებით 5-6 ათასი საქმეა, რომელთა განხილვასაც მოქალაქეები ელოდებიან.

„რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მოსამართლეების განწესება საჭირო რაოდენობამდე მაინც, რომ უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვა არ დამუხრუჭდეს და ადგილი არ ჰქონდეს კოლაფსს. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხელისუფლების და მმართველი გუნდის, რომ კოლაფსი გამოვრიცხოთ სასამართლო სისტემიდან“ , – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებები უპრეცედენტოა ბევრი მკაცრი კრიტერიუმით და იმ პროცედურით, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური მოსამართლეების არჩევას. კომიტეტის წევრმა, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ განსხვავებული პოზიციები დააფიქსირა სამ საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების დასაბუთების საკითხზე საუბრისას, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ქულებით შეფასების მექანიზმი ამ შემთხვევაში არის საუკეთესო გამოსავალი იმისთვის, რომ მიღებული იქნას მეტნაკლებად დასაბუთებული გადაწყვეტილება.
მეორე საკითხი რაზეც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, პარლამენტის მიერ ერთ სესიაზე სამი მოსამართლის არჩევაა. მისი შეფასებით, თუ მიღებული იქნებოდა აღნიშნული გადაწყვეტილება, ეს ხელს შეუწყობდა პროცესის კვალიფიციურად წარმართვას.
ოთარ კახიძემ შეხვედრის მონაწილეებს, ასევე გააცნო საკუთარი განსხვავებული მოსაზრებები ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან მიმართებაში.
მისივე თქმით, დასკვნაში ასახული რეკომენდაციები, რომელიც ეხება – საკვალიფიკაციო გამოცდას, ვაკანსიის წინასწარ გამოცხადებას და ვადის გაზრდას, გათვალისწინებულია, თუმცა „ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი“ რეკომენდაციების სრულფასოვნად გათვალისწინება არ მომხდარა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობიდან დღევანდელი შეხვედრის გამართვისთვის. შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

Visited 51 times, 1 visit(s) today