ჩვენი მიზანია სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში, რაც შეიძლება ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა

„ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტი განიხილეს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კონფერენციის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა ეს არის საგარეო პოლიტიკის პირველი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ეროვნული დონის დოკუმენტი იქნება და ის შემუშავდება უწყებათაშორისი საბჭოს მიერ. მისივე თქმით დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდება და გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციები რაც სტრატეგიის ირგვლივ სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა.

„ჩვენი მიზანია სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში რაც შეიძლება ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა, როგორც ჩვენი დიპლომატიური მისიების, ისე მთავრობის, პარლამენტისა და საექსპერტო წრეების მხრიდან. ჩვენ ვუზრუნველყავით ის, რომ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყოს სამოქალაქო საზოგადოება, ელჩების კონფერენციის ფარგლებში გვქონდა მათთან შეხვედრა, რა დროსაც მათი მხრიდან მოვისმენით ძალიან ღირებული წინადადებები და ბუნებრივია შევეცდებით, რომ მაქისმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა ის პოზიცია და რეკომენდაცია, რაც იყო მათი მხრიდან წარმოდგენილი“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრულია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელთა შორის უმთავრესად რჩება ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, დემოკრატიული კონსოლიდაცია და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, ასევე დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა.
აღნიშნული სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზებად განსაზღვრულია მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის გააქტიურება. ამ კუთხით უმთავრეს პრიორიტეტად რჩება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება; ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სტრატეგულ პარტნიორობაზე ორიენტაცია; ქმედითი და დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკის გატარება; ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება მსოფლიოს სხვა რეგიონებთან.
საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციისთვის, კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა კულტურული დიპლომატია, ისევე როგორც სტრატეგიული კომუნიკაციები, რომელსაც უმნიშვნელოვანესი და არსებითი როლი აქვს საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში, მათ შორის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდირებაში და სხვა.
მინისტრის ინფორმაციით ყველა ამ მიმართულებაზე და სტრატეგიის მიზნების განხორციელებისთვის შემუშავებული იქნება ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით ელჩების კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყებამ რამდენიმე ახალი ინიციატივა წარმოადგინა და განიხილა, რომელიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესების, საზღვარგარეთ ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდისკენ.
პირველი ინიციატივა ეხება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობას. მინისტრის ინფორმაციით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებთან და ამის მაჩვენებელია საფრანგეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგები, სერიოზული საქმიანობა მიმდინარეობს და განვსაზღვრეთ ის ქვეყნები, სადაც შესაძლებელია მსგავსი შეთანხმებების მიღწევალი. მსგავსი სახის პროექტებზე საუბარი ასევე მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც და არის რამდენიმე კონკრეტული იდეა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად“ – განაცხადა მინისტრმა.
მეორე ინიციატივა შეეხება „თბილისის სამშვიდობო კონფერენციის“ დაფუძნების იდეას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა გაეროს ტრიბუნიდან. რომელიც იქნება მაღალი დონის ღონისძიება და მასში მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და ჟურნალისტები. კონფერენცია ხელს შეუწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში თბილისის საერთაშორისო ცენტრად გადაქცევას.

კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილეს ეკონომიკურ საკითხებში საგანგებო დესპანის ინსტიტუტის დაფუძნების იდეა. მინისტრი განცხადებით მოხდა ერთგვარი მოდიფიცირება ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტს და აიწია იმ ადამიანების სტატუსი, ვინც ეკონომიკური მიმართულებით იმუშავებს. მათი გადანაწილება მოხდება რეგიონების მიხედვით. ფოკუსი გაკეთდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზაზე, ყურის ქვეყნებზე, აღმოსავლეთ ევროპაზე, აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე, თურქეთზე, ჩრდილოეთ ამერიკაზე. ამ ინსტიტუტის დაფუძნებით ხაზი გაესმევა პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ დაინტერესებას და გაიზრდება მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და შესაბამისი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. დესპანი ხელს შეუწყობს საქართველოში მეტი უცხოური ბიზნესისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას, თავისუფალი სავაჭრო არეალისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა და საზღვარგარეთ ქართული კომპანიების ინტერესების უფრო მეტად დაცვას.

ასევე, განხილული იქნა საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (ფონდის) შექმნის ინიციატივა. რაც ხელს შეუწყობს ქართული რეფორმებისა და ინოვაციების ექსპორტს და მოახდენს ქართული რეფორმების ბრენდის დამკვიდრებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სააგენტოს საქმიანობის სფერო იქნება ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, ასევე, მათი საერთაშორისო მასშტაბით გავრცელება და პოპულარიზაცია. აღნიშნული საქმიანობა განამტკიცებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და საიმედო პარტნიორის იმიჯსა და საერთაშორისო განვითარებაში წვლილის შემტანი ქვეყნის პრესტიჟს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ორმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა და ამას სჭირდება ერთ სისტემაში ორგანიზაციულად გაფორმება.
მსჯელობა წარიმართა საქართველოს აქტიურ მონაწილეობის შესაძლებლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების შესყიდვებში. მინისტრის შეფასებით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე, სარგებლის მომტანი იქნება როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით. აღნიშნულ პროცესში ჩართვით მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალ ბაზრებზე ქართული კომპანიების გასვლის შესაძლებლობა.

განხილული იქნა ქართული დიასპორისთვის სპეციალური ფონდის შექმნის იდეა. წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ფონდი კონკურსის წესით დააფინანსებს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა მიერ წარმოდგენილ პროექტებს და განახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე. ფონდი დაფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. დიასპორას გამჭვირვალე კონკურსის გზით საკუთარი იდეების რეალიზების სრული შესაძლებლობა მიეცემა, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას ქმედითად შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ „ელჩების კონფერენცია 2018“ 18-21 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებს ხელმძღვანელებმა.

Visited 72 times, 1 visit(s) today