ჩვენ დაუყოვნებლივ განვაახლეთ სახელმწიფო პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი გაიმართა. პანელი, სახელწოდებით „ახალი რეალობა – მდგრადი ტურიზმის განვითარების ერა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს. საინვესტიციო პანელში კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ მიღებული დროული უსაფრთხოების ზომების წყალობით, კვლავ იზრდება მოთხოვნა საქართველოზე, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

„ჩვენ დაუყოვნებლივ განვაახლეთ სახელმწიფო პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც თანადაფინანსებას უზრუნველყოფს სასტუმროს განვითარების სესხებსა და ფრენჩაიზის საფასურის გადახდაზე. განახლება აუცილებელი გახდა რათა იგი ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე დაფინანსებულია 129 სასტუმრო, შეიქმნა 3300 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო მთლიანმა ინვესტიციამ 130 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ 2020 წელს, ამ შეზღუდულ პირობებშიც კი, ჩვენ მხარი დავუჭირეთ 10 ახალი სასტუმროს საინვესტიციო პროექტს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საინვესტიციო პანელის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „მასტერ კარდ ევროპას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, სხდომის მონაწილეებმა მიიღეს „თბილისის დეკლარაცია“, რომელიც მსოფლიო ტურიზმის გლობალურ საკითხებთან ერთად, შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ქვეყანაში ტურიზმის უსაფრთხოებისა და გლობალურ ტურიზმში საქართველოს კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

Visited 60 times, 1 visit(s) today