ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია- „ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს”
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, გუბერნატორი სვანეთში იმყოფებოდა. ალექსანდრე მოწერელია და მისი მოადგილე, ნინო ვიბლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ადგილობრივებმა უმთავრეს პრობლემად მოჭრილი ხე-ტყის გატანა დაასახელეს. ალექსანდრე მოწერელიას გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მოჭრილი ხე-ტყის გატანას სოფელ ხაიშის მოსახლეობა 1 იანვრამდე, ეტაპობრივად შეძლებს. 1 იანვრიდან კი მოხდება ტყის ინვენტარიზაცია, ამოქმედდება რეგულაციები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
ალექსანდრე მოწერელია: „ჩვენთვის მოსახლეობის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მათთან მოვედით და ადგილზე გავეცანით არსებულ საჭიროებებს. ვფიქრობთ, რომ ხალხთან დიალოგი აუცილებელია იმისთვის, რომ განვახორციელოთ მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები და მათთვის პრიორიტეტული პროექტები. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხსა და პრობლემაზე ვისაუბრეთ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. შევთანხმდით, რომ ჩვენი კონტაქტი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ხშირი. ჩემი მიზანია, ხშირად ჩამოვიდე, დროულად გავეცნო არსებულ პრობლემებს და ხალხის სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღო“.

Visited 247 times, 1 visit(s) today