ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ, აჭარის ა.რ მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ ბერიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კომუნისტური რეჟიმის დროს რეპრესირებულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. მათ რეპრესირებულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, დიასპორების წარმომადგენლებმა, ფონდ „მემორიალის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა, სტუმრებმა და რეპრესირებულთა ოჯახის წევრებმა დღეს ის მძიმე პერიოდი გაიხსენეს, რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოში რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ 22 ივლისი ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, 2002 წლიდან გამოცხადდა. როგორც ცნობილია, აჭარაში კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებმა 670 ადამიანი შეიწირა.ამჟამად რეგიონში რეპრესირებულის სტატუსის მატარებელი 3085 ადამიანია, აქედან ხელვაჩაურში მცხოვრები 1075 ადამიანი იყო. სხვადასხვა წყაროს თანახმად 1937–1938 წლებში საქართველოში 12 000 –მდე ადამიანია დახვრეტილი. დღეს ღონისძიების დასრულების შემდეგ, რეპრესირებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აჭარისწყლის კარიბჭის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მამა იოსებმა გადაიხადა.