ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში და ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე მელიქიძე.
რუსთაველის ქუჩა № 124-ში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის, ახალგაზრდული ცენტრისა და სკვერის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრები, სპორტული კომპლექსი, საბავშვო ბაღი, სკვერი, საავტომობილო გზა და სხვა. ასევე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, მისასვლელი გზა და პარკინგი.