„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო მასშტაბური სამუშაოები უკვე დაიწყო. ამ დროისათვის კომპანიის სამშენებლო ბრიგადები პეკინის გამზირის ხუთ მონაკვეთზე ერთდროულად მუშაობენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, ფაქტობრივად, მე-3 დღეა, რაც დავიწყეთ და სამუშაოები, 24-საათიან რეჟიმში, გეგმა-გრაფიკის მიხედვით წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სამუშაოები დავასრულოთ არაუგვიანეს 10 სექტემბრისა. გასაგებია, რომ შეფერხება არის, მაგრამ მოძრაობა არ არის გაჩერებული. მოსახლეობასაც გარკვეული დისკომფორტი აქვს სამუშაოების წარმოების 24-საათიანი რეჟიმის გამო, თუმცა პროექტის დაწყება აქ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებელი იყო. ასეთი მასშტაბური პროექტის დაწყება სწორედ გზის საფარისა და საინჟინრო კომუნიკაციების სრულფასოვანი რეაბილიტაციის საჭიროებიდან გამომდინარე მოგვიწია“-განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
კომპანია სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt ექსპერტებთან ერთად ახორციელებს. დაგეგმილია 1000 მმ-იანი 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და რეაბილიტაცია. სრულად შეიცვლება წყალსადენის 355მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.
კომპანიის მენეჯმენტი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბრიგადების სამუშაოების მიმდინარეობას 24-საათიან რეჟიმში ვიდეომონიტორინგის საშუალებით ადევნებს თვალს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. პირველი ეტაპი 16 ივნისს დაიწყო. სამუშაოებს კომპანია აგვისტოში დაასრულებს.

Visited 171 times, 1 visit(s) today