აგრარულ საკითხთა კომიტეტში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

29/11/2023

აგრარულ საკითხთა კომიტეტში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, ცენტრს, რომელიც 2007 წელს თავდაპირველად ჯიღაურას ბაზაზე დაფუძნდა, საკმაოდ მძლავრი სამეცნიერო ინფრასტრუქტურა გააჩნია. მთავრობის 2014 წლის დადგენილებით, აგრარულ სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომლის საფუძველსაც სახელმწიფოსათვის გადაცემული ა(ა)იპ„აგროსა“ და შპს „აგროქართუს“ კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბაზები, ლაბორატორიები და სხვა ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. აღნიშნული უწყება საცდელ-სადემონსტრაციო აქტივობებს ახორციელებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში. ლევან უჯმაჯურიძემ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული მიმართულებით ახორციელებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მრავალპროფილური ორგანიზაციაა და იგი მოიცავს 18 სამეცნიერო სამსახურს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ამ სამსახურების ძირითადი საქმიანობა მიმართულია მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების კვლევა-მოძიებაზე, ასევე ახალი ტექნოლოგიების შესწავლა-დანერგვაზე, გენეტიკური ბანკებისა და ცოცხალი კოლექციების შექმნაზე.

„ცენტრის სამსახურები ამასთანავე ახორციელებენ ნიადაგის ნაყოფიერების კვლევას, მცენარეთა ინტეგრირებულ დაცვას, მეცხოველეობის მიმართულებით სანაშენე საქმიანობის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებებთან. ცენტრის საქმიანობა მოიცავს ასევე ფიტოსანიტარიის, ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის კუთხით რისკების შეფასებას, იმ ტექნოლოგიების დანერგვას, რომლებიც წაადგება ფერმერულ მეურნეობებს, პროდუქციის როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის შეფასებით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქვეყნისათვის რომ უდავოდ მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა, ამას სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ კვლევებში მიღწეული შედეგებიც მოწმობს. მისივე თქმით, კომიტეტი მხარს უჭერს ცენტრის დაფინანსების გაზრდას იმისათვის, რომ ქვეყანაში აგრო-ბიომრავალფეროვნების და ენდემების შენარჩუნებისთვის ერთიანი ეროვნული გენეტიკური ბანკი შეიქმნას. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი უწყებები ამ საკითხს მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებამდე სათანადოდ გადაწყვეტენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0