აგრესია და ბოროტება დაითრგუნება არა აგრესიით არამედ სიყვარულით და გაზიარებით

11/12/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში, სადაც თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვის საზეიმო აღნიშვნას დაესწრო, განათლების მნიშვნელობაზე, სკოლებში აგრესიის აღმოფხვრაზე, ამ პროცესში პატრიარქისა და მასწავლებლების როლზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სასწავლებლების, პედაგოგების გაძლიერებით და მათი ავტორიტეტის ამაღლებით მოხერხდება მხოლოდ აგრესიის კუთხით არსებული რეალობის გარდატეხა და შეცვლა.
გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქისა და პრემიერმინისტრის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერს და განათლების მინისტრს სკოლის რეფორმირებისაკენ მოუწოდა.
,,აგრესია და ბოროტება დაითრგუნება არა აგრესიით არამედ სიყვარულით და გაზიარებით.
დღეს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ საჭიროებას, რომ ჩვენ უფრო მეტად ლმობიერი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და სწორედ, ლმობიერი აღზრდის ფორმით გადავწყვიტოთ საკითხები, რომლებიც ჩვენს წინაშე დადგა.
პატივცემულო პრემიერმინისტრო და მინისტრო, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია სკოლაში.
მე როგორც განათლების ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, მაგრამ ერთადერთი გზა, რომლითაც მათი გადაწყვეტაა შესაძლებელი, არის მასწავლებლის გაძლიერება და მისი ავტორიტეტის ამაღლება საზოგადოებაში. მხოლოდ ეს მოახერხებს რეალობის გარდატეხას და შეცვლას.
საზოგადოებაში ბევრი მსჯელობაა, თუმცა აგრესიაზე და მკვლელობის ტრაგედიაზე მსჯელობისას ტექსტი ხშირად არის აგრესიული და ამის დაძლევის ერთადერთი ფორმა სიყვარულზე და ერთმანეთისათვის გაზიარებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა, რასაც სკოლაში ატარებენ მასწავლებლები.
მასწავლებელი ის ერთადერთი რესურსია, რომელიც ცვლის განწყობას სკოლაში.
აქვე მინდა მანდატურის სამსახურზეც გითხრათ. საბედნიეროდ, მაშინდელი ტენდენცია, რომ მანდატურის სამსახური გაუქმებულიყო, არანაირად არ იქნა გაზიარებული და მე შევინარჩუნე ეს სამსახური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის.
მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ მანდატურის სამსახური არის სკოლის, მასწავლებლის დამხმარე და არ შეიძლება იყოს სამართალდამცავი, ის ვერ იქნება სკოლის შიგნით სამართალდამცავი.
მე იმედი მაქვს, რომ ამ ტენდენციებით, ამ სულისკვეთებით, და თქვენი ლოცვა-კურთხევით თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ქადაგეგებში ასე სწორად ორიენტირებული ღირებულებებით, ჩვენ შევძლებთ ამ აგრესიის დავძლევას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0