აგროდაზღვევის პროგრამის განხილვა გაიმართა

22/05/2017

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების, ძირითადად კი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დეტალურ განხილვას და ამ მიმართულებით ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ისეთი სტიქიური მოვლენების დროს, როგორიც ბოლო დღეებში ქვეყანაში ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის როლი ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის შემცირებაში. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სტარტეგიის პრიორიტეტები გააცნო და სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, თუმცა მისი ბიომრავალფეროვნების და უნიკალური კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ გამოწვევებზეც (ფრაგმენტული მიწა, მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა, მაღალი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების განვითარება და სხვა) ისაუბრა, რომლის დაძლევის გზებზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ყველა არსებული რესურსი, რათა დარგი ეფექტიანად განვითარდეს და საქართველოს ეკონომიკის კონტრიბუტორი გახდეს. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსიაც, სადაც დარგის განვითარების ახალი მიდგომები, სტიქიის დროს ზარალის ანაზღაურების საკითხები, მიწის გასხვისების რეგულაციები, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, DCFTA და ადგილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობა, შესანახი და სამაცივრე მეურნეობების განვითარების აუცილებლობა, სუბსიდირება და მეღვინეობის განვითარების საკითხები, ღვინის პოპულარიზაცია და მარკეტინგული ღონისძიებები (ჩინეთიი, იაპონია, კორეა, პოლონეთი, აშშ, ინგლისი) და კოოპერაციის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი, მამუკა კვარაცხელია მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათი მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ძირითადი ნაწილი აგროდაზღვევის პროგრამის დეტალურ განხილვას დაეთმო. აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა, ლევან მაღრაძემ ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო აგროდაზღვევის პირობები, ტექნიკური დეტალები და პროექტის სამომავლო განვითარების სტრატეგია. ორდღიანი შეხევედრის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრისგან და პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, ახლო მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად G4G აგროდაზღვევის თემაზე საჯარო დისკუსიის გამართვას კერძო სექტორთან გეგმავს. „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით. G4G მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ მედია საშუალებებთან ეკონომიკური რეფორმების პოპულარიზაციის მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0