ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველს შეხვდა

26/12/2017

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და კომიტეტის წევრები დღეს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდნენ. შეხვედრაზე თანამშრომლობისა და კომიტეტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან და ამ მჭიდრო თანამშრომლობით გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი. შესაბამისად, დღეს შევიკრიბეთ, რათა დავგეგმოთ, თუ როგორ ვაპირებთ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველსაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან არა ოპონირების, არამედ თანამშრომლობის რეჟიმში. განსაკუთრებით, ჩვენს კომიტეტს ეკისრება ეს ფუნქცია“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველისთვის არის მთავარი საკონტაქტო კომიტეტი. „ეს არის პირველი შეხვედრა კომიტეტსა და სახალხო დამცველს შორის. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, მათ შორის, ჩვენი თანამშრომლობის ფორმატზე, სამომავლო გეგმებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ დახურულ ფორმატში შეხვედრის დაწყებამდე.

მისი ინფორმაციით, სახალხო დამცველის ანგარიში უნდა წარედგინოს პარლამენტს მარტის თვეში, ხოლო თებერვალში უნდა მოხდეს წინა ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების განხილვა. „თებერვლის თვეში შედგება შესაბამისი უწყებების მოსმენა, თუ რა ეტაპზე არის სახალხო დამცველის ანგარიშებში ასახული რეკომენდაციების შესრულება“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0