ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა

24/11/2023

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უქმდება საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც მოწმის, გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება.

„ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირებს მიენიჭებათ ასეთი სტატუსის მიღების პროცესუალური შესაძლებლობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტი მიუთითებს, რომ სხვა მტკიცებულებების მსგავსად, ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირთა მიერ ჩვენებისა თუ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა უნდა შეფასდეს მოსამართლის ან გამოკითხვის ჩამტარებელი პირის მიერ მის ხელთ არსებული კანონიერი მექანიზმების გამოყენებით, რითაც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულების უტყუარობის ტესტით შეფასების ინტერესი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0