ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა

09/02/2024

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის იმპლემენტაციისათვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაცია დეპუტატებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გააცნო. მან ასევე ისაუბრა კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
ლელა ჯანაშვილმა კონკრეტული მიმართულებებით გაწეულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კანონის იმპლემენტაციის პროცესს თან ახლდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი პარლამენტმა გასულ წელს მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, პერსონალური დაცვის სამსახურმა უზარმაზარი მუშაობა გასწია კანონის იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

„ახალი კანონით დადგინდა მანამდე არსებულ კანონთან შედარებით გაცილებით მაღალი, დახვეწილი, გაუმჯობესებული სტანდარტები პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით. ამ კანონით დაკმაყოფილდა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით ევროკავშირის სახელმწიფოებში და რაც წარმოადგენს ევროკავშირის სამართლის მიხედვით ამ საკითხების რეგულირების ძირითად სტანდარტს. ეს იყო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც აიღო საქართველომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით. თუმცა მხოლოდ კანონის მიღებით არ ვკმაყოფილდებით და გვაქვს ამბიცია, რომ ხარისხობრივი თვალსაზრისით უნდა იყოს გამართული ყველა პროცესი, რომ ამ კანონმდებლობის მიღების შედეგად საზოგადოებაც გრძნობდეს იმ გაუმჯობესებას, რომელიც ევროპული სტანდარტების ქვეყანაში შემოტანას შეიძლება თან ახლდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს გაწეული მუშაობისთვის. რეალურად ძალიან დიდი შრომა ჩაიდო კანონის იმპლემენტაციისთვის მომზადების საქმეში, უზარმაზარი ნამუშევარია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0