ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი დასრულდა

14/09/2017

სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართა.
ფორუმის დახურვას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია/David Narmania დაესწრო. თბილისის მერის განცხადებით, 2017 წლის ფორუმი სახელწოდებით „პროგრესული ქალაქები“, ორიენტირებული იყო იდეებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებაზე და ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე.
„შევაჯამეთ ორდღიანი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მდიდარი გამოცდილება ჩამოიტანეს ჩვენმა პარტნიორებმა სხვადასხვა ქალაქებიდან. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც არა მხოლოდ გამოცდილების ურთიერთგაზიარებაში გამოიხატება. მათ შორის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის პროგრამა, რაც გულისხმობს ზოგადად მერიების და მერების როლს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებისთვის. ეს ინდიკატორები ყველამ გავითავისეთ, ყველამ მივიღეთ და ერთხმად შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა საზოგადოება ჩვენს ქალაქებში ცხოვრობდეს უფრო მეტად კომფორტულად, უფრო უკეთეს და ჯანსაღ გარემოში და იყვნენ ეკონომიკურად უფრო უზრუნველყოფილნი“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკით გამოირჩეოდა. ფორუმში მონაწილეობდა ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი – კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი – ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი – კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი – რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი – იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.
გაიმართა 16 თემატური სესია შემდეგ თემებზე: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა.
ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ წარდგენა გაიმართა. თბილისს მიენიჭა „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0