ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მეშვიდე ეროვნული ასამბლეა თბილისში, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, როგორც ასამბლეის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, უძღვებოდა. ასამბლეის წევრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს დედაქალაქის მერმა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კალაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ, ევროსაბჭოს კონგრესის ადგილობრივი ხელისუფლების პალატის პრეზიდენტმა ლინდერნ ვერბეკმა და ევროპის რეგიონების და მუნიციპალიტეტების საბჭოს გენერალურმა მდივანმა ფრანჩესკო როსიმ. ასამბლეის სხდომის თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატა. მისი ინიციატივით, ასამბლეის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ამის შემდეგ ასამბლეის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ასამბლეაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით დედაქალაქის მერი კახა კალაძე აირჩიეს. ასევე აირჩიეს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრები. დელეგატებმა სხდომის ფარგლებში ათეას წესდებაში შესატან ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
„ეროვნული თვითმმართველობის ასამბლეაზე ასოციაციის პრეზიდენტად მოქმედი პრეზიდენტი კახა კალაძე ავირჩიეთ. მინდა მივულოცო, ვუსურვო წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის ასოციაციის როლი, როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტების კოორდინაციის ნაწილში, ასევე ყველა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ავირჩიეთ იმ პროპორციით და იმ შედეგებიდან გამომდინარე, რა შედეგებიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნეში დაფიქსირდა. შესაბამისად, აღმასრულებელი საბჭოში ოპოზიციის კვოტა სრულად არის გათვალისწინებული,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ასოციაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ევროპის საბჭოს კონგრესის საერთაშორისო პროგრამების უფროსმა მარიტე მორასმა და ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ. მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მეშვიდე ეროვნული ასამბლეა, ევროპის საბჭოს კონგრესისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს, 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა.