ადიგენში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდა

02/03/2016

ადიგენში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდა. როგორც prof-news-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტიძემ განუცხადა, სასაფლაო გაფართოვდება და ამ სასაფლაოზე მოხდება, როგორც მუსლიმი კონფესიის მიცვალებულის დაკრძალვა, ასევე მართლმადიდებელი მიცვალებულის დაკრძალვა.
ადიგენში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

“შეხვედრაზე იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშაძე, მისი მოადგილე ადამ შანთაძე და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე. მართლმადიდებლური კონფესიიდან წარმოდგენილი იყო მამა ანთიმოზი და სოფელ ადიგენიდან მუსლიმი თემის სამი წარმომადგენელი და სამი ქრისტიანული თემის წარმომადგენელი. შეთანხმდნენ, რომ სასაფლაო გაფართოვდება და ამ სასაფლაოზე მოხდება როგორც მუსლიმი კონფესიის მიცვალებულის დაკრძალვა, ასევე მართლმადიდებელი მიცვალებულის დაკრძალვა. სასაფლაო იქნება პირობითად შუაზე გაყოფილი მსუბუქი ღობით, რომ მართლმადიდებლებს და მუსლიმებს რიტუალის ჩატარებაში ხელი არ შეეშალოთ. სასაფლაოს შესასვლელს ექნება ცალ-ცალკე ჭიშკარი. ცალკე მუსლიმებისთვის, ცალკე ქრისტიანებისთვის”, – განაცხადა აკაკი მაჭუტიძემ.

მისი თქმით, ორივე მხარემ როგორც მუსლიმმა, ასევე ქრისტიანმა მესაკუთრეებმა დათმეს მიწა, რის ხარჯზეც მოხდა სასაფლაოს გაფართოება. დაბა ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0