„ავტორთა კითხვის თვე“ (Authors’ Reading Month) ამჯერად საქართველოს მასპინძლობს

21/06/2017

„ავტორთა კითხვის თვე“ (Authors’ Reading Month) – ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც 2017 წლის ზაფხულში უკვე მე-18 ჩატარდება, ამჯერად საქართველოს მასპინძლობს.
ფესტივალი ჩეხეთის ქალაქ ბრნოში 2000 წლიდან ტარდება. 2011 წელს ფესტივალი გაფართოვდა და კიდევ ორი ქვეყანა – სლოვაკეთი და პოლონეთი მოიცვა. 2017 წელს კი ავტორების ფესტივალი 4 ქვეყნის 5 ქალაქს მოივლის: ბრნო და ოსტრავა (ჩეხეთი); კოშიჩე (სლოვაკეთი); ვროცლავი (პოლონეთი); ლვოვი (უკრაინა).
ფესტივალის ფორმატის მიხედვით, ყოველ წელს საპატიო სტუმარი ერთი კონკრეტული ქვეყანა და მისი 31 ავტორია. უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ, წელს, მსოფლიოს ლიტერატურული პროცესების ეპიცენტრში მოქცეული საქართველო ხდება ფესტივალის საპატიო სტუმარი.
ფესტივალი ივლისში ტარდება. 31 დღის განმავლობაში (1 ივლისიდან 4 აგვისტომდე) 31 ქართველი ავტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყნის 5 ქალაქს ეწვევა. ლიტერატურული კითხვის საღამოები სტარტს ჩეხეთის ქალაქ ბრნოში აიღებს, ყოველ შემდეგ დღეს კი ქართველი ავტორი მომდევნო ქალაქს ეწვევა: ვროცლავი (პოლონეთი); ოსტრავა (ჩეხეთი); კოშიცე (სლოვაკეთი) და ლვოვი (უკრაინა).პარალელურად თითოეულ ქალაქში იმართება ადგილობრივი მწერლის მკითხველთან შეხვედრა, თვის ყოველი დღე ეთმობა ერთი ქართველი და ერთი ლოკალური მწერლის ღონისძიებას.
ფესტივალზე თანამედროვე ქართული ლიტერატურა ყველა ჟანრით იქნება წარმოდგენილი. 31 ავტორი 155 ღონისძიებას გამართავს. ფესტივალი ფარავს 4 ქვეყანას, სადაც მკითხველთა აუდიტორიის გარდა ავტორებს შეხვედრები ექნებათ ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან, გამომცემლებთან, ლიტერატურულ პროცესებში ჩართულ სხვა პროფესიონალებთან.
საქართველოს მხრიდან ფესტივალის თანაორგანიზატორია მწერალთა სახლი , პროექტის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0