აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის მიმღებთა ასაკი 18 წლიდან 21 წლამდე იზრდება

11/12/2017

აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის მიმღებთა ასაკი 18 წლიდან 21 წლამდე იზრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პაკეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების ძირითად მიზანს სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება წარმოადგენს, კერძოდ კი, საუბარია 21 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვასა და დამოკიდებულ პირთა სიის შექმნაზე, სადაც როგორც მოთამაშეს, ასევე მისი ოჯახის წევრს, სასამართლოს წესით მოთხოვნის საფუძველზე, პირის მონაცემთა რეესტრში შეტანის საშუალება მიეცემა.

„ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ვალდებულება ექნება სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს დამოკიდებულ პირთა ერთიან ბაზაში. ამასთან ერთად, არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, გაუქმდება აქამდე რეგისტრირებული ყველა მომხმარებლის ანგარიში და შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ, ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ლაშა ხუციშვილმა გამომდინარე კანონპროექტთა ძირითად ცვლილებებზეც ისაუბრა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევებში, ადმინისტრაციული სანქციები და ახალი ჯარიმების შემოღების წესი განმარტა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტში სამუშაო ჯგუფიც მუშაობს, რომელსაც გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები აქვს მომზადებული. მისივე შეფასებით, არასრულწლოვან პირთა აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობა რთულ და კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს, შესაბამისად ახალი რეგულაციები საზოგადოების დიდ ინტერესს წარმოადგენს. ეკა ბესელია მომხსენებლისგან პრევენციის დამატებითი მექანიზმების შემოღებით და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის დაწესებული განსხვავებული მიდგომების კონსტიტუციასთან შესაბამისობით დაინტერესდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.
კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც განიხილეს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა წარმოადგინა.
მისი განცხადებით, აღნიშნული კანონი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურებაზე დანამატის ოდენობის განსაზღვრის სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს, სასამართლოს წევრების დანამატის ოდენობები, კი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად რეგულირდებოდა. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის რეფორმის და ახალი კანონის – „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ ამოქმედების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურებაზე დანამატის ოდენობის სამართლებრივი საფუძვლები უქმდება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა, რომლის თანახმადაც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით, შრომის ანაზრაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობა, სასამართლოს წევრებისთვისაც განისაზღვრება.
სხდომაზე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი III მოსმენით განიხილეს, რომელზეც რედაქციული სახის შენიშვნები არ გამოთქმულა.
რაც შეეხება ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებულ „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ კანონპროექტს, ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ დამატებითი კონსულტაციების და საკითხის შეჯერების მიზნით, კანონპროექტი უკან გაიწვია. კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0