აკაკი მაჭუტაძემ არტაანის ახლადდანიშნულ გუბერნატორს უმასპინძლა

20/12/2017

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მეზობელი თურქეთის საზღვრისპირა რეგიონის, არტაანის ახლადდანიშნულ გუბერნატორს მეჰმეთ ემინ ბილმეზს უმასპინძლა. ტრადიციული მეგობრული ვიზიტის მიზანი სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის მხარეებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა.

სტუმარი მხარეში არსებული ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა, ისაუბრეს საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში აქტიური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობასა და პერსპექტივებზე.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ არტაანის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჩეთინ დემირჯი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე. შეხვედრის დასასრულს მეზობელი რეგიონების გუბერნატორებმა ტრადიციულად ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0