ალექსანდრე ბარამიძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიღწევებს გაეცნო
იუსტიციის მინიტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ადამიანის უფლებათა საკითხებზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ სტავროს ლამბრინიდისს შეხვდა. ალექსანდრე ბარამიძემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მუშაობის დადებითი შედეგები გააცნო.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სფეროში განხორციელებული რეფორმების ციკლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებული კანონპროექტების ინიცირება − ეს ის ძირითადი თემებია, რომელთა შესახებაც მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში ზემოაღნიშნული მიმართულებებით განხორციელებული რეფორმების მასშტაბი, სიღრმე და მრავალფეროვნება იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის უფლებების განმტკიცება და ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერება საქართველოს ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წინსვლას ადასტურებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ხუან მენდესის, ანგარიშიც, რომლის თანახმადაც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ქვეყანაში ამ მხრივ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ბატონი მენდესის შეფასებით, ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა აღარ წარმოადგენს სისტემურ დანაშაულს“, − აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
სტავროს ლამბრინიდისს ინფორმაცია მიეწოდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებაც. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსსაც, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული კანონმდებლობაა. აქვე აღინიშნა, რომ ახლახანს მუშაობა დაამთავრა იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შექმნილმა უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელმაც არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმის კონცეფცია შეიმუშავა. რეფერირების კონცეფციის თანახმად, 14 წლამდე არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ეფექტური ზომა იქნება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შექმნა, რომელიც მაკოორდინირებელი ორგანო იქნება და განახორციელებს დანაშაულში მონაწილე 14 წლამდე ასაკის ბავშვების გადამისამართებას სხვადასხვა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოსა და უწყების, აგრეთვე, შესაბამისი კერძო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ სარეაბილიტაციო, კულტურულ, სპორტულ და სხვა მსგავს პროგრამებსა და სერვისებში; ამასთან, უზრუნველყოფს თითოეული ასეთი არასრულწლოვნის შემდგომ მონიტორინგს შესაბამისი პროგრამისა თუ სერვისის ეფექტიანობის შეფასებისა და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიიღო ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტროს აქტიური მუშაობის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის აპრილში მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 20-ზე მეტ საკანონმდებლო აქტში ცვლილება შევიდა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების უკეთ დაცვას, მათ ინფორმირებას და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებას.
შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მასში მონაწილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოადგილეებმაც მიიღეს.

Visited 162 times, 1 visit(s) today