ალექსანდრე ბარამიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ექპერტებს შეხვდა

31/07/2017

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ექპერტებს შეხვდა. შეხვედრას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი ესწრებოდნენ.
ვიზიტის მიზანია, ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველოს, როგორც ერთ-ერთ წარმატებული ქვეყნის ეროვნული მექანიზმების გაცნობა და შეფასება. ექსპერტები ადგილზე მიღებულ ინფორმაციას ეუთოს ეგიდით შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტში ასახავენ.
ალექსანდრე ბარამიძემ ექსპერტებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოს პოლიტიკით დაინტერესებისათვის.
მინისტრის მოადგილის თქმით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტია და სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ამ კუთხით განხორციელებული ღონისძიებები იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი.
ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ამას მოწმობს ისიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები 2017 წლის ანგარიშის მიხედვით კვლავ პოზიტიურად შეაფასა.
„ამერიკის შეფასებით საქართველო ევროკავშირისა და დასავლური სახელმწიფოების გვერდით კვლავ ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში,“ რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.
გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ტრეფიკინგთან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ 2016 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწის მიმართულებით; ხოლო საერთაშორისო კვლევის − „მონობის გლობალური ინდექსის“ − 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველოს მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს.“ – აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
ექსპერტთა მისიას მასპინძლობას უწევს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთანაც (იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან), საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს მთავარო პროკურატურასთან, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ექპერტები საქართველოში ვიზიტით 4 აგვისტოს ჩათვლით იქნებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0