ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია 30 ნოემბრის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. გუბერნატორი სახურავების მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზე ქალაქის ოთხი სხვადასხვა ქუჩის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლებსაც გაესაუბრა.
ალექსანდრე მოწერელია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებსაც შეხვდა და მათგან კონკრეტული მიმართულებით ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრის მონაწილემ, სოციალური მიმართულებით, მუნიციპალური დახმარების პროგრამა განიხილა და ხაზი გაუსვა 200-ზე მეტი უსახლკარო ოჯახის მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ნაგებობებს აფარებეს თავს. ასევე, წყლის დაქსელვისა და საკანალიზაციო სამუშაოების პარალელურად, მომავალი წლიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ისაუბრეს. მოსახლეობის გადაადგილებისათვის შემაფერხებელ ფაქტორად სატვირთო ავტომობილების უწესრიგო პარკირება დასახელდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ ტერიტორიებს გამოყოფს. აგრეთვე აღინიშნა სამედიცინო პუნქტების არასაკმარისი რაოდენობა, სადაც, ძირითადად, კერძო კლინიკები დომინირებენ. ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად კი, დასაქმების პრობლემა დასახელდა, რაც გუბერნატორის შეფასებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით დაიძლევა. აქვე აღინიშნა, რომ გასულ წელს მუნიციპალიტეტს 40 ათასამდე ტურისტი სტუმრობდა. გუბერნატორმა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებების განხილვისას პედაგოგებთან, კულტურის მუშაკებთან, ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელებსა და სპორტსმენებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან – კონსტანტინე თოფურიასთან ერთად, კოლიმბარის კუნძულს ესტუმრა, სანაპირო ზოლში მიმდინარე სამუშაოები და მდ. კაპარჭის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დაუსრულებელი სასტუმრო დაათვალიერა. გუბერნატორი შინმოუსვლელთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც დაინტერესდა.

Visited 147 times, 1 visit(s) today