„ამბასადორიალი 2017“ ეკონომიკურ კონფერენციას უმასპინძლებს

20/07/2017

წელს პირველად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ფარგლებში გაიმართება ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე კონფერენცია.
ღონისძიება „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში 21 ივლისს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოში – „შპს ჯეოკეპი“ ჩატარდება.
მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საპატიო კონსულები საზღვარგარეთ. კონფერენცია დაეთმობა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების, მსოფლიოს ბაზრებთან ინტეგრაციის საკითხებს და სხვა. კონფერენციის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ საგადასახადო დასაბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე, ქვეყნის სივრცითი მოწყობის – 4 წლიანი ინფრასტრუქტურულ გეგმაზე, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტებზე, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის საკითხებზე, ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებზე – განახლებადი ენერგია და ელექტროენერგიის ექსპორტზე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და საქართველოს მონაწილეობაზე ენერგორესურსების ტრანზიტში.
კონფერენციაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ახალი ინიციატივა, ე. წ. „ექსპორტის ხელშემწყობი სამკუთხედი“-ს შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 18-21 ივლისს, თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ – იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0