ამბროლაური ‘’გემო ფესტს’’ უმასპინძლებს

24/08/2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ პარკში 26-27 აგვისტოს გაიმართება. ფესტივალისთვის სამზადისი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ღვინოც.
ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება. პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარება.
პროექტის ფარგლებში გამოცდილი შეფ-მზარეულები რაჭის, ლეჩხუმის სოფლებს ეწვივნენ და ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს კერძების შერჩევასა და ვიზუალურ გაფორმებაში დაეხმარნენ. მონაწილე ოჯახებისა და კვების ობიექტებისთვის ტრენინგები გაიმართა ფესტივალისთვის საჭირო უნარებში, როგორიცაა: სისუფთავის ნორმების დაცვა, სწრაფი მომსახურება, ფასწარმოქმნა. ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან: სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე ფესტივალის სამზადისს,რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, პირველ მოადგილესთან-ქრისტინე კობახიძესთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან-თამაზ იორაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0