ამბროლაურში, მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

25/11/2019

ქ.ამბროლაურში, მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, მათ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრა ინტერაქციული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოსახლეობამ მადლიერება გამოთქვა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს რაჭაში, აგრეთვე, კმაყოფილება გამოითქვა განათლების ახალი რეფორმის, მიწის რეგისტრაციის გამარტივებისა და რაჭაში რთველის წარმატებულად ჩატარების გამო. მოსახლეობამ ძირითად საჭიროებად ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დააყენა, როგორც ხე-ტყის მოპოვებასთან, აგრეთვე არაკომერციული მიზნით ქვიშა-ხრეშის ხელმისაწვდომობა და ამ კუთხით, კანონში ცვლილებები მოითხოვა. მინისტრმა ახალ ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააცნო მათ და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის საჭიროებები. გაზიფიცირება იყო მთავარი მოთხოვნა ნიკორწმინდის, თლუღისა და ხოტევის მოსახლეობის, სადაც გაზის ცენტრალური მაგისტრალი გადის. შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, ადგილზე უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და ჯანდაცვის სფეროში კვალიფიციური კადრების საჭიროების შესახებ იმსჯელეს. როგორც ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, არსებულ პრობლემებზე იქნება დროული რეაგირება, მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. პრობლემების ნაწილი, რომელიც მოსახლეობამ დააყენა, უკვე მოხდა რეაგირება, სოფლებში დაემატა განათების ბოძები და შეკეთდა, სადაც პრობლემა იყო, რიგ სოფლებში შეიძინეს წყალსადენები და შეიცვალა, შიდა გზები, რომელიც მოხრეშვას ან/და ხეებისგან გაკაფვას საჭიროებდა მოწესრიგდა, სოფლებში დაემატა სანაგვე ურნები და ის სოციალური პრობლემები, რომლის აღმოფხვრაც მოკლე დროში შესაძლებელი იყო აღმოიფხვრა.
მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სულ 1200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. ამათგან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის 253 სოფელში, 203 შეხვედრა ჩატარდა.
ამით, შეხვედრების პირველი ეტაპი დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0