ამერიკა ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და სწორედ ამიტომ ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ

31/07/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე მასპინძლობს.
სტუმრებმა ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა.
“ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ვუმასპინძლოთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები გვაკავშირებს. ამერიკა ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და სწორედ ამიტომ ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად.
მე პირადადაც მინდა შევასრულო ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მე, ჯერ კიდევ როგორც სტუდენტმა, ამერიკაში მაგისტრატურაში სწავლისას მივიღე.
ამ გამოცდილებამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფინანსების სწავლასთან ერთად, ილინოისში გატარებულმა დრომ ამერიკისა და მისი ღირებულებების შესახებ ჩემი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. მახსოვს, ამერიკის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ხალხის მიერ გამოჩენილი გულუხვობა და მეგობრული განწყობა… ამერიკული ოპტიმიზმის შესანიშნავი განცდა განუწყვეტლივ მახსენებს, რომ არ არსებობს გადაულახავი წინაღობა; რომ ის, რისიც გვწამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სულისკვეთება მახსენებს, რომ მეგობრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ხოლო უახლოეს მეგობრებზე მნიშვნელოვანი არაფერია. ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან”-განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0