ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია

10/09/2017

საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია. ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტის ”ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპის განხორციელება. აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება და აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ აქციაში – „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“. ინფორმირების კამპანიას უახლოეს დღეებში შეურთდებიან 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან მოქალაქეებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში და ასევე, დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ. ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი. 2017 წლის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამომრჩევლები მონაცემების გადამოწმებას, გარდა ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციისა, წელს უკვე iOS-ის სისტემის მობილურისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით უსინათლო ამომრჩევლები შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0