ამოცანა არის სასამართლო სისტემის შეცვლა რადიკალური საკადრო გადაწყვეტილებების გარეშე

05/06/2017

„ამოცანა არის სისტემის შეცვლა რადიკალური საკადრო გადაწყვეტილებების გარეშე. ამ გზას მიმართეს თავის დროზე სხვა ქვეყნებმაც. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ არ შეეხნენ მოხელეებს და მოსამართლეთა დიდ ნაწილს. ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რადგან როცა საქმე ეხება მოსამართლეს, მას უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა უმწიკვლო რეპუტაცია, თუმცა ჩვენ ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დაგვაყენა იმ ცხრაწლიანმა რეჟიმმა, რომელიც იყო საქართველოში ჩამოყალიბებული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ზოგადად, სასამართლოში იყო სისტემური პრობლემა 9 წლის განმავლობაში. ამ სისტემური პრობლემის მსხვერპლი აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, მოსამართლეებიც და მათ უმეტესობას უწევდა შეხება ისეთ საქმეებთან, რომელთან დაკავშირებითაც კონკრეტული კითხვის ნიშნები არსებობდა.
„აქ ჩვენ შეგვეძლო წავსულიყავით 2 ალტერნატიული გზით: ერთი იყო სრული წმენდა სასამართლო კორპუსში, თუმცა ამას ჰქონდა თავისი ნეგატიური მხარეები, მეორე გზა იყო სისტემის შეცვლა და არა სასამართლო კორპუსის. საბოლოო ჯამში, რამდენიმე წლის წინ, როცა შეიცვალა ხელისუფლება გადაწყვეტილება იქნა მიღებული მეორე მიმართულებით, კერძოდ, არ მოხდა სრული წმენდა სასამართლო კორპუსში, შესაბამისად სასამართლო სისტემაში რჩებიან მოსამართლეები, რომლებსაც მონაწილეობა მიღებული აქვთ ძალიან პრობლემური საქმეების განხილვაში, თუმცა ეს იყო, კიდევ ერთხელ, სისტემური გადაწყვეტილება. ტოტალური საკადრო წმენდა სასამართლოში არ განხორციელდა და ეს არჩევანი თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ სასამართლო კორპუსში დარჩებოდნენ ის მოსამართლეებიც, რომლებსაც ძალიან პრობლემურ საქმეებში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. იყო ძალიან სერიოზული დილემა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნა მიღებული მეორე ალტერნატივის სასარგებლოდ თავისი მინუსების და პლუსების გათვალისწინებით,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0