ამ ეტაპზე ძალიან ძნელია რამის თქმა დივერსიაზე, მნიშვნელოვანია, რას დაადგენს გამოძიება

23/08/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, სიტუაცია საიმედო და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ძალიან ძნელია რამის თქმა დივერსიის შესაძლებლობაზე, მნიშვნელოვანია, რას დაადგენს გამოძიება.
„პრემიერის ხელმძღვანელობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შტაბი. მოხდა რესურსების მაქსიმალურად მობილიზება და განაწილება. ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რომელშიც ჩართულია ავიაცია, მძიმე ტექნიკა, 50-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა. ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა იმისთვის, რომ მთლიანად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, საჭიროა ამინდმა შეგვიწყოს ხელი. სიტუაცია, წინა დღეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ბორჯომის ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე სომხეთიდან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნი მძიმე ტექნიკაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0