ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე

27/04/2017

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, რუმენთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო გაიზრდება.
„ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. ბუქარესტში გამართულ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები იქნა განხილული ენერგეტიკის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის და სხვა სფეროებში. მე, ჩემი მხრივ, რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან ერთად მემორანდუმს მოვაწერე ხელი, რომლის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება”, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ორივე უწყების თანამშრომელთა მონაწილეობით სპეციალური ჯგუფიც ჩამოყალიბდება, რომელიც სასჯელაღსრულების სფეროში საქართველოს გამოცდილების შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ტუდორელ ტოადორმა მოაწერეს ხელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0