ანა დოლიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვაზე შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა

14/10/2017

ანა დოლიძის შემაჯამებელი სიტყვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვაზე:
– მოგესალმებით, ამ ხანგრძლივი და ცხარე დებატების შემდეგ, დასკვნითი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის შესახებ.
ეს დღე რომ შევაჯამოთ, სასურველია დავსვათ კითხვა: რატომ ვდგავარ მე დღეს აქ? რა მიზნით არის წარდგენილი ეს მოტივირებული შენიშვნები?
მე აქ ვდგავარ არა იმისათვის, რათა შეგახსენოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები უნდა წავიკითხოთ მთლიანად და არა, მაგრამ-ამდე და მაგრამ-ის შემდეგ; მე აქ ვდგავარ არა იმისთვის, რათა მიგითითოთ, რომ ქართველ ხალხს მოსწყინდა მითითება სისხლიან ცხრა წელზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ხელისუფლების დროს აღზევდა, დაწინაურდა ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული საქმის – გირგვლიანის საქმის ავტორი მოსამართლე და პიროვნებები; მე აქ ვდგავარ არა იმისათვის, რომ ვამტკიცო, რომ წინა ხელისუფლება იყო უკეთესი, თუ ეს ხელისუფლება არის უკეთესი წინაზე; მე აქ ვდგავარ არა იმისათვის რათა გითხრათ, რომ როგორც მშობელს, ნამდვილად მირჩევნია ჩემს შვილს არ ემუქრებოდეს სიმსივნის საშიშროება, მირჩევნია, რომ ჩემს ქვეყანაში ზუსტად ისეთივე სიმწვანე იყოს, როგორც კანადაში, სადაც მე ცოტა ხნის წინ ვცხოვრობდი; მირჩევნია, რომ გვქონდეს პარკები და მირჩევნია, რომ არ დავდიოდეთ სამსახურში ერთი საათით ადრე და ვიჯდეთ ერთი საათი საცობებში; მირჩევნია, რომ ჩვენ გვყავდეს ძლიერი მწვანეთა პარტია, რომელიც ევროპაში შეხვედრებზე სიარულის მაგივრად, იქნებოდა ერთი მწვანე, გარემოს დაცვისათვის სასარგებლო კანონპროექტის ავტორი ამ ერთი წლის განმავლობაში. მე აქ ვდევარ არა იმისათვის რათა გითხრათ, ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დიალოგის წარმოება ხდება სხვასთან და არა საკუთარ თავთან – რომ, როდესაც აწარმოებ დიალოგს სხვასთან, სჯობს დიალოგი აწარმოო საკუთარ თავთან, ჩამოყალიბდე და არა პირიქით, ისე, როგორც მოხდა კონსტიტუციასთან მიმართებაში.
მე აქ ვდგავარ იმისათვის, რათა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფლების სათავეში სისხლიანი 9 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უკეთ იცის კითხვა ინგლისურად; მიუხედავად იმისა, თუ ვინ იცის დათვლა და შედარება, რომ ხუთს ჯობია ოცი და ოცდახუთი ხუთზე მეტია; სჯობს ეს კონსტიტუცია არ იყოს მხოლოდ “ქართული ოცნების”; მე აქ ვდგავარ, რათა გითხრათ, რომ კონსტიტუციით ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ერთობა, სადაც ვიცხოვრებთ ყველა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს, თუ არა ჩვენ ერთმანეთი, გულზე გვეხატება, თუ არა ერთმანეთი, გვიხარია, თუ არა ერთმანეთი საერთოდ.
მომავალ სექტემბერს უნივერსიტეტში წავა იურიდიული ფაკულტეტის ათასობით სტუდენტი. მომავალ სექტემბერს, მე, ჩემს კოლეგა პროფესორებთან ერთად, (მრავალი მათგანი ამ დარბაზშია), უნდა შევიდე უნივერსიტეტების სალექციო ოთახებში და მათ უნდა ვასწავლოთ საქართველოს კონსტიტუცია. არა მარტო უნდა ვასწავლოთ, არამედ მათ უნდა შევაყვაროთ ის კონსტიტუცია, რომელიც, სხვათა შორის, მე, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, ზეპირად ვიცი.
მაგრამ, იმისათვის, რომ შევაყვაროთ ეს კონსტიტუცია, სჯობს ეს კონსტიტუცია იყოს როგორც მემარცხენეების, ისე მემარჯვენეების; როგორც მწვანეების, ისე ,,სოცდეკების’’, ისე ,,ედეპეშნიკების’’, ისე ,,ლეიბორისტების’’ როგორც ,,პატრიოტების’’, ისე ,,ნაციონალების’’, ისევე ,,ოცნების’’.
მე აქ ვდგავარ იმისთვის, რომ გითხრათ, ჩვენ დავთმეთ პრინციპული მოსაზრებები, ჩვენი პოზიციები, ჩვენი პრინციპები იმისთვის, რომ ეს კონსტიტუცია ყოფილიყო არა თქვენი, არა ჩემი, არა პრეზიდენტის, არა ,,ოცნების’’ , არა ნაციონალების, არამედ ჩვენი.
პრეზიდენტმა დღეს წარადგინა შენიშვნების 6 პუნქტი, საიდანაც 5 პუნქტი ,,ოცნების’’ შექმნილი, ინიცირებული და ვალდებულებად აღებულია. პრეზიდენტმა დღეს წარადგინა 6 პუნქტი, საიდანაც 5 პუნქტი მმართველი პარტიისაა, იმისთვის რომ ეჩვენებინა – რომ დიახაც, ჩვენ უნდა დავთმოთ რაღაც ჩვენი, იმისათვის, რომ შევქმნათ რაღაც საერთო. რომ ეჩვენებინა, რომ უნდა ესაუბრო მათაც კი, ვისაც არ ეთანხმები და ორი საათის მაგივრად, მრავალი საათი უნდა გაატარო მათთან საუბარში, ვისთანაც შეთანხმება გსურს. იმისათვის, რომ ეჩვენებინა, რომ ისტორიულ გარღვევებს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი დიალოგის შედეგად ახდენენ.
მე აქ ვდგავარ იმისთვის, რომ აქედან გავსულიყავი და ჩემი შვილისთვის მეთქვა, რომ იცი რა, შენ შეიძლება ინდივიდუალურად წააგო, მაგრამ როგორც გუნდმა მოიგო.
რამდენიმე საუკუნის წინ, იტალიის გაერთიანებისთვის ბრძოლის დროს, ჯუზეპე გარიბალდის ხელმძღვანელობის ქვეშ იტალიელები ერთმანეთს ეკითხებოდნენ გასამხნევებლად: – ვისია ეს ქვეყანა? და იტალიელები პასუხობდნენ: – ჩვენია. იტალიელებმა გააერთიანეს საკუთარი ქვეყანა. დღეს მე აქ ვდგავარ იმისთვის, რომ გკითხოთ:- ვისია ეს კონსტიტუცია?
მე მინდოდა აქედან წავსულიყავი იმით, რომ მეთქვა, ეს კონსტიტუცია ჩვენია!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0