ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

12/11/2017

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, 17:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26.97 % (88 522 ამომრჩეველი) შეადგინა.
ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:
• ყაზბეგი – 44.1%
• ხაშური – 27.1%
• ბორჯომი -44.8%
• ქუთაისი – 14.1%
• ოზურგეთი – 47.2%
• მარტვილი – 30.7%
„საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულდება 20:00 საათზე. ამის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმების დათვლის პროცედურას. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“-განაცხადა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, – ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებთან დაკავშირებით შესულია 21 საჩივარი. მათ შორის ბორჯომში – 9, ოზურგეთში – 9, ქუთაისში -2, ხაშურში-1. ყაზბეგისა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში ამ დროისათვის საჩივრები არ შესულა. „#35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიამ #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მიერ კონვერტის გარეშე ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოთავსებულ ბიულეტენთან დაკავშირებული საჩივარი განიხილა. როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო ყუთის ხელახლა გახსნისა და დალუქვის გადაწყვეტილება. გადასატანი საარჩევნო ყუთიდან ამოღებული უკონვერტო ბიულეტენი, გაფუჭებულ ბიულეტენად იქნა ცნობილი კომისიის მიერ“,-განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0