ანტიკორუფციულმა საბჭომ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა

15/03/2017

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გააცნო. ღონისძიებაზე განიხილეს, ასევე, 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის ანგარიში, მონიტორინგის ანგარიში და მონიტორინგის ჩარჩოდოკუმენტი. შეხვედრის მონაწილეებმა ანტიკორუფციული საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტები და მათში სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების შესაბამისად შესული ცვლილებები განიხილეს, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები, რომლებსაც, გაზიარების შემთხვევაში, სამდივნო სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახავს. ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტები საბჭომ დაინტერესებული წრეებისა და საზოგადოების მონაწილეობით მოამზადა. მასზე მუშაობის პროცესში ჩართულნი იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. დოკუმენტები ანტიკორუფციულ საბჭოს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში წარედგინება. ანტიკორუფციული საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომელიც განსაზღვრავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, აახლებს და მონიტორინგს უწევს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას და ამ პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას. საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0