არასაბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

18/12/2017

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში მოქმედ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საკრედიტო კავშირების გარდა, არარეგისტრირებული საფინანსო შუამავლებიც ესწრებოდნენ, ისაუბრეს მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

გაიმართა მსჯელობა საფინანსო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები როგორც მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებთან, ასევე კონკრეტულ საზედამხედველო მიდგომებთან დაკავშირებით, როგორიცაა კორპორატიული მართვის, ადმინისტრატორების შესაფერისობის, საკრედიტო რისკების მართვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, ლიკვიდაციისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს კომუნიკაციის ფორმატთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ცვლილებებისა და კონკრეტული საზედამხედველო მიდგომების შესახებ საფინანსო ინსტიტუტების დროულ ინფორმირებას პროცესის ყველა ეტაპზე უშუალოდ ეროვნული ბანკის მხრიდან.

ასევე აღინიშნა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მათი ფინანსური განათლების დონის ამაღლება ურთიერთსასარგებლოა მომხმარებლებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ფინანსურმა ინსტიტუტებმა გამოთქვეს მზაობა გააძლიერონ ძალისხმევა რისკების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისა და კლიენტების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0