საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. ღონისძიებას მთავარი პროკურორის მოადგილეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარე რენატა ვინტერი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იქნა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ანგარიში, განრიდების საქმეების კრიმინოლოგიური ანალიზი და მონაცემები დაზარალებული არასრულწლოვნების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა სამომავლოდ მათი მხარდაჭერით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.