არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება რადიკალურ უკანონო ქმედებებზე გადავიდა, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც საბავშვო ბაგა-ბაღებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, საბავშვო ბაგა-ბაღებში მასიურად ხდება ხელმძღვანელების, პედაგოგების თანამდებობიდან გათავისუფლება ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების უგულვებელყოფით.
ვაშაძის განმარტებით, თბილისში თანამდებობიდან გათავისუფლდა 40-მდე ბაღის ხელმძღვანელი, ქუთაისში – 3-ის.
მისივე თქმით, იგივე პროცესები მიმდინარეობს საქართველოს სხვა რაიონებშიც.
“რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდება. მათ სურთ, რომ ამ პოზიციებზე თავისი აგიტატორები, “ქართული ოცნების” მხრდამჭერები დაასაქმონ. იყიდონ მათი ერთგულება, საარჩევნო აქტივობა. ჩართონ საარჩევნო კომისიებში თუ ათასი სხვა რამ გააკეთონ”, – განაცხადა ვაშაძემ.
დეპუტატის განმარტებით, ხელისუფლება გათავისუფლებულ პირებს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას სთავაზობს, თუმცა “არჩევნებამდე დარჩენილია იმაზე ნაკლები ვადა, ვიდრე სამსახურში აღდგენის თაობაზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს”. მისი განცხადებით, ხუთშაბათს, 31 მარტს ქუთაისში, პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” დაინტერესებულ მხარეებს არგუმენტების წარმოდგენას სთავაზობს.
ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის სხდომაზე შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის საბავშვო ბაღების გათავისუფლებულ ხელმძღვანელებს, აღსაზრდელების მშობლებს, ადვოკატებს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
ვაშაძის მოსაზრებით, სასამართლოს გზით თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები თანამდებობებზე ადრე თუ გვიან თავს აღიდგენენ, თუმცა ხელისუფლების მიდგომაა, რომ აგიტატორებს ხელფასი 6 თვით მაინც გადაუხადოს.